30 წლის დებიუტანტი: შევიდა, ნახა, გაიტანა

ინგლისის ნაკრებმა ბოლო 10 წელიწადში პირველად წააგო შესარჩევის მატჩი. 43–თამაშიანი სერია შეწყვიტა. 2009–ში უკრაინაში 0:1 და აი, ამჯერად ჩეხეთში 1:2. ისე კი, ინგლისი ფაქტიურად გასულია ევროპის ჩემპიონატზე

ამ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა ამერიკული დალასის ფორვარდმა ზდენეკ ონდრაშეკმა. საინტერესო ისაა, რომ 30 წლის კაცს დებიუტი ჰქონდა ნაკრებში და აი, ასეთი გოლით აღნიშნა.  

 

აზიის საკვალიფიკაციო ზონაში სარაგბო ანგარიში დაფიქსირდა: ირანი–კამბოჯა 14:0. თანაც, სიზუსტე დაიცვეს, 7–7 გოლი გაიტანეს თითო ტაიმში. საინტერესოა, რომ მატჩს კამბოჯას ერთი ფანი დაესწრო. მან 2500 კილომეტრზე მეტი გადალახა, რათა საყვარელი გუნდის თამაშს დასწრებოდა და... კომენტარი ზედმეტია.

 

ანდორამ ევროპის ჩემპიონატის (კონკრეტულად ევროპის და არა მუნდიალის) შესარჩევში 56 წაგების მერე პირველად მოიგო. შინ 1:0 მოლდოვასთან. ანდორას უნგრეთთანაც აქვს მოგებული (1:0), მაგრამ ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი იყო.

 

11 ოქტომბერს შესარჩევის მატჩებში სტუმრებმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს და ორივე – პენალტით: ინგლისელმა ჰარი კეინმა ჩეხეთთან და ფრანგმა ოლივიე ჟირუმ ისლანდიასთან.