13, 15, 15, 15 – ეს ტორპედოს ფეხბურთელთა ასაკია...

ტორპედო–საბურთალო 0:2 დასრულდა. შედეგში არაფერია საკვირველი, მაგრამ ვაი, რა დღეშია ტორპედო?! დაანონსებულიც იყო, რომ პატარა ბიჭებს უნდა ეთამაშათ, რადგან კლუბი ცუდ მდგომარეობაშია და მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თქვა კიდეც, ზოგიერთმა ფეხბურთელმა დავალიანების გამო კლუბს უეფაში უჩივლაო.  

 

დუბლებიდან ყველას დამატებაც ვერ ხერხდებოდა. მხოლოდ ხუთის დამატება შეიძლებოდა,  დანარჩენები კი ასაკობრივებიდან უნდა აეყვანათ.

 

და ტორპედოს სათადარიგოთა სკამზე... 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანი იჯდა! 13 წლის. ეს უკვე ნამეტანია. შეცვლაზე შესული ლუკა ელბაქიძე 15 წლისაა, მან ბოლო 15 წუთი გაატარა მინდორზე. ასევე 15 წლის ლუკა მჟავანაძე და ირაკლი მელქაძე განაცხადში იყვნენ ორი წლით უმცროს კოპალიანთან ერთად.

 

18 წევრიდან მხოლოდ ორნი იყვნენ, რომლებიც 90–იანებში დაიბადნენ: ნიკა ქორიძე (1997) და ლუკა ფიფია (1998). დანარჩენი 16–დან უმრავლესობა 16 წლის, ან უფრო პატარა გახლდათ.

 

მეკარე დავით ასათიანის სახელი კი გულშემატკივრებმა უკვე იციან – 16 წლის სკოლის მოსწავლემ დღეს კიდევ ერთხელ აუღო პენალტი საბურთალოელებს. წინა წრეში ოგნიენ როლოვიჩს, ამჯერად კი ნიკა სანდოხაძეს. საერთოდ, ამ ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან მხოლოდ 0:2 წააგეს და ნამდვილად არ შერცხვენილან.   

 

რამდენიმე დღის წინ ტორპედოს განცხადება გამოვაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმარება კლუბს, რათა ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანოს. აი, ამონარიდიც:

 

ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც ტორპედო მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის. დღეს კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ტორპედოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არა თუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია“.