წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

დღეს 22 ოქტომბერს წყალბურთში ევროპის რიგით 34-ე ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში იტალიის, საბერძნეთის და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან.   

 

კონტინენტის პირველობაზე 16 საუკეთესო ნაკრებები იასპარეზებენ. გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ 1/4 ფინალში გავლენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ფლეი-ოფში 1/4 საგზურებისთვის იბრძოლებენ.

 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გამოვა. პირველ ჯერზე 2014-ში ჩვენმა გუნდმა პირველობა მოგების გარეშე დაასრულა, 2016-ში კი 1 მატჩი მოიგო, 2018-ში 2 შეხვედრა მოიგო, 3 ნაკრებს გაუსწრო და მე-13 ადგილზე გავიდა.

 

ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება ჩვენმა გუნდმა 12-13 ოქტომბერს გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა გერმანია 9:7 და შვეიცარია 24:7 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ორი ლეგიონერით გაძლიერდა. ჩვენი გუნდის ღირსებას თბილისის დინამოს წყალბურთელები სერბი ბორის ვაპენსკი და იტალიელი ფაბიო ბარალდი დაიცავენ.

 

რევაზ ჩომახიძის გუნდის მთავარი ამოცანა ჯგუფური ეტაპიდან გასვლა, რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავება და ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციაში მონაწილეობის უფლების მიღება გახლავთ. წყალბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 12-26 იანვარს ბუდაპეშტში გაიმართება.  

 

წილისყრას საქართველოს წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა, ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე ბითაძე და ალექსანდრე ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.