საბურთალო თასის ფინალშია! - ტორპედომ მხოლოდ პირველ ტაიმში გაძლო!

დავით ყიფიანის სახელობის ნახევარფინალი...

23 ოქტომბერს, საქართველოს თასის ნახევარფინალში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საბურთალო ქუთაისის ტორპედოს შეხვდა. ფავორიტი საქართველოს მოქმედი ჩემპიონები იყვნენ და ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც.

 

თბილისელ ფეხბურთელებს მომენტი უკვე მე-12 წუთზე შეექმნათ, იური ტაბატაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ლევან შოვნაძემ მოიგერია. ზუსტად 1 წუთის შემდეგ, მალიმ მარჯვენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა და ამჯერადაც მეკარე აღმოჩნდა უკეთესი. 33-ე წუთზე დიასამიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა. პირველ ნახევარში ტორპედოსაც ჰქონდა შანსი, როდესაც 24-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ციცქიშვილი შეიჭრა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

 

მეორე ნახევარი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც კოხრეიძე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმა შეასრულა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

 

საბურთალოს შეტევები არ შეუწყვიტავს, რომელმაც შედეგი 69-ე წუთზე მეორედ გამოიღო - საჯარიმოში მყოფი როლოვიჩი კარისკენ ურტყამდა, როდესაც ბურთი ქუთაისელთა მცველს მოხვდა და კარში ასე შეფრინდა.

 

ამის შემდეგ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

 

საბოლოოდ - 2:0

 

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში საბურთალო ლოკომოტივს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, მეოთხელიგელი გარეჯი, მძიმე ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.