ზიდან, წადი ინგლისში

ვენგერმა ზიდანს ექვსში ერთი ურჩია

არსენალის ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა რეალიდან წინა სეზონის შემდეგ ტრიუმფით წასულ ზინედინ ზიდანს ძალების პრემიერლიგაში მოსინჯვა ურჩია. 

 

69 წლის ფრანგმა სპეციალისტმა თავის ახალგაზრდა კოლეგას beIN Sports - ის საშუალებით მიმართა და უთხრა:

 

„რეალში დიდი წარმატების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, კიდევ გსურს უმაღლეს დონეზე მუშაობა, საამისოდ კი პრემირლიგაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. დიახ, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცედურის პარალელურად არსებობს რისკი, რომ პრემიერლიგამ ფინანსური კუთხით ევროპაში დომინირება ვეღარ შეძლოს, მაგრამ შენ და ზოგადად, სამწვრთნელო საქმეს ეს ხელს ვერ შეუშლის,“ - ამბობს კაცი, რომელმაც ერთ კლუბში 22 წელიწადი იმუშავა და კარგად იცის პრემიერლიგის ყველა წვრილმან-მსხვილმანი.

 

 

ვენგერისვე თქმით, პრემიერლიგა არის ქვეყნად ერთადერთი ჩემპიონატი სადაც ჩემპიონობისთვის რეალურად 6 გუნდი იბრძვის.

 

„თითქმის ყველგან, პრემიერლიგის გარდა, უკვე გარკვეულია ჩემპიონის ვინაობა. მაგალითად საფრანგეთის ლიგაში გამარჯვებული სექტემბერშივე ცნობილი იყო, სხვა ქვეყნებში კი პირველობისთვის ორი, მაქსიმუმ სამი გუნდი პაექრობს. აი, პრემიერლიგაში, გადახედეთ სატურნირო ცხრილს, ჩემპიობისკენ ექვსი გუნდი მიიწევს. ამიტომაც უნდა იყოს პრემიერლიგაში მუშაობა ზინედინ ზიდანისთვის ერთი-ორად საინტერესო“, - თქვა არსენ ვენგერმა, ვის სახელსაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ახსენებენ მიუნხენის ბაიერნში ნიკო კოვაჩის მემკვიდრედ.