სხულუხია და გაფრინდაშვილი ფინალში იჭიდავებენ

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონობასთან ახლოს არიან

უნგრეთში მიმდინარე 23 წლამდე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველებისთვის  წარმატებულად მიმდინარეობს. აღნიშნული ტურნირის ფინალში, ჩვენი ორი თანამემამულე იასპარეზებს. 70 გკ წონით კატეგორიაში მირზა სხულუხია შეეცდება ოქროს მედლის მოპოვებას, ხოლო 79 კგ-ში ტარიელ გაფრინდაშვილი იბრძოლებს პირველობისთვის. 

 

სხულუხია ნახევარფინალში ოლეკსეი ბორუტას შეეჯიბრა და უკრაინელი 9:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამემამულე 1:5 აგებდა, თუმცა შემდეგ ძალები მოიკრიბა და სათავისო შედეგი დააფიქსირა. სხულუხია ფინალში რუს ჩერმენ ვალიევს დაუპირისპირდება.

 

ტარიელ გაფრინდაშვილმა ნახევარფინალური დაპირისპირება თურქ რამზან იშაკ სარის მოუგო. ჩვენებურმა მეტოქე 10:6 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის აბუბაქრ აბაკაროვის წინააღმდეგ იჭიდავებს. აქვე გეტყვით, რომ ფინალები 29 ოქტომბერს გაიმართება. 

 

ხვალვე საკვალიფიკაციო და ნახევარფინალურ შეხვედრებს თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ზაურ ბერაძე (86 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) ჩაატარებენ.