ტენი და პეპი

ვინ და რა კაცია ტენ ჰაგი?


მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი... ბევრია ამათზე დიდი სახელი თანამედროვე ფეხბურთში?! თუმც რაღა თანამედროვე ფეხბურთში, ფეხბურთის ისტორიაში?! 

 

არა! - და ეს „არა“ მხოლოდ ჩემი სიტყვა არ იქნება, დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე ფიქრობთ.

 

დრო იყო ამტერდამის აიაქსიც მათი ტოლი იყო, მაგრამ დროთა განვალობაში ჰოლანდიური კლუბი გრანდების მომარაგებლად უფრო იქცა, ვიდრე ევრო-ტიტულებზე დაგეშილი გუნდი. 

 

ახლა კი თითქოს ძველი დროება დაბრუნდაო... ტოტალური ფეხბურთის ქვეყნის გუნდმა ტოტალური ფურორი უკვე მოხდინა და წინ კიდევ რა გველის, ალბათ იმ კაცმაც არ იცის, ვინც აიაქსი ამ გზაზე დააყენა - ერიკ ტენ ჰაგმა. 

 

და რა შუაშია აქ რეალ-იუვენტუსი? ეს ორივე გრანდი აიაქსმა ჩემპიონთა ლიგიდან მას შემდეგ ჩამოიშორა, რაც leadersport.ge -მ პირველად მოგითხროთ ამსტერდამელთა მწვრთნელის შესახებ. ეს კი მიუნხენის ბაიერთან საშინაო 3:3-ის მერე იყო. გერმანელებთან სწორედ იმ თამაშისას ვიხილეთ ის აიაქსი, რომელიც საფეხბურთო ევროპაში ჯიგრული და თვალსასეირო ფეხბურთით დაბრუნდა და, თითქის ჩვენც იმ ძველ, „ნაღდი ფეხბურთის“ ეპოქაში დაგვაბრუნა.   

 

 

ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის ფანტასტიკური მატჩის შემდეგ (3:3), აიაქსის  მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია იამაყოს გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ამსტერდამელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური უბოძა.

 

 

„შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი გუნდით, ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ჩავატარეთ და პლეი ოფის საგზური დამსახურებულად მოვიპოვეთ. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ფრედ ვეთამაშეთ. ფეხბურთელები ერთმანეთისთვის იბრძოდნენ, თითქოს ეს ფინალი იყო. მათ მედგარი ხასიათი გამოავლინეს და დასახული ტაქტიკაც ზუსტად შეასრულეს.ვცდილობდით სწრაფად გვეთამაშა და მკაცრი პრესინგი შეგვეთავაზებინა მოწინააღმდეგისთვის. ცხადია, შეცდომებიც გვქონდა. ზოგჯერ ზედმეტად გულუბრყვილოდ ვირჯებოდით, რასაც პლეი ოფში არავინ გვაპატიებს.“ - უთხრა ტენ ჰაგმა AFP-ს.

 

და რა კაცია აიაქსის თავკაცი? ვინ არის ტენ ჰაგი? რა ვიცით მასზე? თითქმის არაფერი, ერთად გავიგოთ...

 

 

2017 წლის გაზაფხულზე აიაქსი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა ტიტულს ვერ შესწვდა და მერე გუნდში ქაოსი დაიწყო. მწვრთნელი პეტერ ბოში დორტმუნდში გადაბარგდა და შედეგებიც გაუარესდა. 

 

საქმეები უკან-უკან მიდიოდა და ამას კლუბის გენერალურ დირექტორ ედვინ ვან დერ საარს აბრალებდნენ. თუმცა, 2017-ის დეკემბერში. ლეგენდარულმა მეკარემ, ალბათ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როცა მარსელ კაიზერის მაგიერ, გუნდის თავკაცად 48 წლის ერიკ ტენ ჰაგი დანიშნა.

 

 

ევროპაში  ნაკლებად იცნობენ, სამშობლოში კი მას ახალი თაობის ყველაზე ნიჭიერ მწვრთნელად მიიჩნევენ.

 

მას არ ჰქონია წარმატებული საფეხბურთო კარიერა, არც ეროვნულ გუნდში უთამაშია. ტვენტეს ფეხბურთელი გახლდათ. 2006-ში იქვე მწვრთნელის თანაშემწე გახდა. სამი წლის შემდეგ კი იმავე თანამდებობაზე გადავიდა პსვ-ში.

 

მწვრთნელის რანგში ის პირველად საზოგადოებას 2012 წელს მოევლინა, როცა მეორე დივიზიონის „გოუ ეჰედ იგლზი“ ჩაიბარა. ამ კლუბს 17 წელი არ ეთამაშა ერედივიზიონში და ერიკმა ის პირველივე წელს დააბრუნა ელიტაში.

 

 

მერე ტენ ჰაგმა ყველა გააკვირვა - იმის მაგიერ, რომ ერედივიზიონში ემუშავა, 2013 წლის ზაფხულში ბაიერნში წავიდა. თანაც, არა ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწედ, არამედ, ახალგაზრდულ გუნდში. ეს ბავარიელთა ტექნიკური დირექტორის, მატიას ზამერის პროექტი გახლდათ. მას რამდენჯერმე ენახა ტენ ჰაგი მწვრთნელთა ფორუმებზე და მოხიბლული იყო ჰოლანდიელით.

 

ის ცდილობდა გვარდიოლას ყოველ ვარჯიშს დასწრებოდა. გულმოდგინედ იწერდა ესპანელის ყველა ქმედებას და რეპლიკას. ჰოლანდიელს განსაკუთრებით პეპის წვრილმანებთან დამოკიდებულება მოსწონდა. უცქერდა, როგორ შეცვალა მენიუ, აკრძალა მობილური ტელეფონები და როგორ აანალიზებდა ვარჯიშებზე ფეხბურთელების თითოეულ მოძრაობას.

 

ერიკის დაჟინებამ გვარდიოლაც კი აღაფრთოვანა: „ტენ ჰაგი დაავადებულია ფეხბურთით. აკვირდება ფეხბურთელებს და აანალიზებს მათ პროგრესს,“ - ამბობდა გენიალური კატალონიელი.

 

 

2015-ის ზაფხულში ერიკმა უტრეხტის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა და კლუბში დიდი რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა. მთლიანად შეცვალა კვების მენიუ, პერსონალი, მიიყვანა ანალიტიკოსები, რომლებიც მეტოქეების შესწავლით დაკავდნენ.

 

უტრეხტმა შემტევი ფეხბურთის თამაში დაიწყო და მაყურებელი ტრიბუნაზე დაბრუნდა. გუნდი ქვეყნის თასის ფინალში გავიდა და ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.

 

მას რინუს მიხელსის პრემიაც მისცეს, რომელიც ჩემპიონატის საუკეთსო მწვრთნელს გადაეცემა. მედია ხშირად აქებდა მას და ხუმრობით, მასწავლებლის პატივსაცემად პეპ ტენ ჰაგს უწოდებდა.

 

ჰოდა რა გასავირია, როცა აიაქსს ახალი მწვრთნელი დასჭირდა, პირველად ყურადღება მას მიაქციეს.

 

ტენ ჰაგს მთავარ ღირსებად ფეხბურთელების „გახსნას“ უთვლიან. ის ჩინებული ფსიქოლოგია და კარგად ესმის მოთმაშეების მენტალობა.

 

უყვარს ხისტი ვარჯიშები (ეტყობა, ფელიქს მაგათის სკოლაც), მკაცრი დისციპლინა და ხანგრძლივი თეორიული მეცადინეობები. უტრეხტშიც და აიაქსშიც, პირველ ნახევარ წელიწადს ფეხბურთელები „გადამწვარები“ ჩანდნენ და შედეგს ვერ იძლეოდნენ, წუწუნებდნენ, მაგრამ მერე ხვდებოდნენ, რომ მწვრთნელი სწორედ მათთვის ზრუნავდა.

 

 

მკაცრ დისციპლინას ის სანდო ურთიერთობებს უმატებს. მიაჩნია, რომ ურთიერთგაგების გარეშე არცერთი საქმე არ გამოვა. ამიტომაც დანიშნა 19 წლის დე ლიხტი აიაქსის კაპიტნად. „მათ უნდა იგრძნონ, რომ ენდობი. მაშინ კრიტიკაც ადვილია. ამ შემთხვევაში კრიტიკას  საჩუქარივით იღებენ“, - ასე ხსნის ფეხბურთელებთან ურთიერთობას აიაქსის დამრიგებელი. იქვე კი ამბობს, რომ... 

 

„კლუბები, სადაც მიმუშავია ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებენ.“ - ამბობს ტენ ჰაგი და მართალიცაა. მაგლითად, უტრეხტში მუშაობისას, კლუბის ბიუჯეტი ლამის გაორმაგდა. იგივე ხდება აიაქსშიც.

 

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი აიაქსმა წაუგებლად გაიარა, თანაც ლამის ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთი უჩვენა მაყურებელს. წინ პლეი ოფია...