დიკ, დიკ, დიკ

... ალბათ, ამიტომაც დანიშნეს დროებით

ზაფხულში ჩვენი დინამოს გამამწარებელ ფეიენოორდს, კარგად ვერ მისდის საქმეები. გახსოვთ, ალბათ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ გუნდთან შეხვედრამდეც შფოთავდნენ ჰოლანდიელი ჟურნალისტები, როტერდამელთა ბანაკში ყველაფერი რიგზე არ არისო.

იაპ სტამმა ფეიენოორდი წლეულს ზაფხულში ჩაიბარა. მაგრამ მიმდინარე სეზონში კლუბმა 11 ტურის შემდეგ, მხოლოდ 14 ქულა დააგროვა და ჰოლანდიის ჩემპიონატის ცხრილში მე-11 საფეხურზეა. შედეგად, სტამი გადადგა. ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი კი ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელი გახდა. ოფიციალურად მას მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის სტასუსი მისცეს. ის როტერდამულ კლუბში სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

მაგრამ, რამდენად ლოგიკურია 72 წლის სპეციალისტის მშველელად მიხმობა? ამისათვის მისი მდიდარი კარიერის ბოლო ეტაპი გავიხსენოთ.

 

2017 წლის დეკემბერში, ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, მხოლოდ ერთი თვე იყო გასული, როცა ადვოკაატმა როტერდამის სპარტა ჩაიბარა. სპარტას საქმეები ცუდად მიდიოდა და ადვოკაატს საპორტო ქალაქის გუნდი ელიტიდან გავარდნისგან უნდა გადაერჩინა. 

არაფერი გამოვიდა, გასავარდნ პლეი ოფში სპარტამ ძალიან ცუდად ითამაშა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. ადვოკაატი, ცხადია, წავიდა.

„პასუხისმგებლობას ვიღებ გავარდნაზე. უკეთ უნდა გვეთამაშა. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებ. გავვარდით, რაც საშინელებაა ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ასეთ ნოტაზე კარიერის დასრულება უსიამოვნოა. ალბათ, სპარტა ჩემი ბოლო კლუბია. ახლა უნდა დავფიქრდე. ვნახოთ, შემოთავაზებები როგორი იქნება. თუ არა და, ეს დასასრულია,“ -  ამბობდა ადვოკაატი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასასრული არ იყო. 2018 წლის შემოდგომაზე მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა უტრეხტთან. ვერც უტრეხტის საქმეები მიდიოდა კარგად, მაგრამ ამჯერად ადვოკაატს გაუმართლა და გუნდი გავარდნას გადაარჩინა. „ეს შესანიშნავი დროა კარიერის დასრულებისთვის,“ - თქვა მაშინ ბატონმა დიკმა.

 

მაგრამ ახლა მან ახალი გამოწვევა მიიღო და ფეიენოორდი სეზონის ბოლომდე ჩაიბარა. როგორც ჩანს, პენსიაზე გასვლა ჯერ არ სურს და ფეხბურთთან განშორებაც უმძიმს. პერსპექტივაზე გათვლით, 72 წლის სპეციალისტს გუნდის შენება რამდენად შეუძლია? ამაზე მან უტრეხტში მუშაობის დროსაც ირიბად მიანიშნა.

„მკითხეს, ვისურვებდი თუ არა უტრეხტის მთავარ მწვრთნელად მუშაობის გაგრძელებას. ვუპასუხე, რომ უჯობდათ კლუბისათვის ხანგრძლივი პერსპექტივის სტრატეგიაზე ეფიქრათ. მე კი არ ვიცოდი რას გავაკეთებდი ხვალ,“- ესეც ადვოკაატის სიტყვებია.

ახლა ისმის კითხვა, რამდენად ხელეწიფება ადვოკაატს ფეიენოორდის კრიზისიდან გამოყვანა? ალბათ, ამიტომაც დანიშნეს დროებით...