მაგრად დადექი ბოს!

ჰოდა, მაგრად დადექი, ბოს! მითუმეტეს, რომ ისევ ბოსი ხარ. 

ტვიტერი გადაჭრელებულია ძველი ფეხბურთელების შეტყობინებებით და იმათ შორის ყველაზე ხშირი სწორედ ეს წინადადება და სწორედ ეს ტიტულია. მანჩესტერ იუნაიტედის გადამდგარი ფეხბურთლები, ის ხალხი, ვისაც ამ გუნდისთვის  სახელი და დიდება მოუტანია ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, წამხდარი და შეწუხებული იმედოვნებს  სერ ალექს ფერგისონის ფეხზე დადგომას. დიდ მწვრთნელს ორიოდ დღის წინ სისხლი ჩაექცა და კარგად ჩავლილი სასწრაფო ოპერაციის შემდეგ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ წევს სელფორდის, იუნაიტედის სამშობლოს ჰოსპიტალში.

იწერებიან არა მხოლოდ მისი ხელქვეითები, მისგან გავარსკვლავებული, გამოზრდილი დიდი და  ჩვეულებრივი ფეხბურთელები, არამედ, ძველი, განსაკუთრებული მეტოქენიც. ლივერპულის საფეხბურთო კლუბიც კი, ენფილდის განსაკუთრებული მტრობის მიუხედავად, მოიხსენიებს მას,  როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგესა და ნამდვილ, ღირსეულ მეგობარს, რომელსაც  გამოჯანმრთელბას უსურვებს.


ჩანს, მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ჯერ არავინ იცის, როდის და როგორ წამოდგება ფერგი, რომელსაც მისი ძველი გუნდის თამაშის მუდმივი მაყურებლები, ხშირად ხედავდნენ ტელეეკრანებზე, ტრიბუნაზე მჯდომს, თავის შავ პალტოში გამოხვეულს, განუყრელი საღეჭი რეზინით.

სწორედ  გასულ უქმეებზე, როცა არსენალი იუნაიტედს სტუმრობდა, იქაურებმა  ერთგვარი პატივსაცემი გაცილება მოუწყვეს არსენ ვენგერს, რახან გამოცხადებული იყო, რომ იგი სეზონის ბოლოს მენეჯერობიდან მიდის. გამოთხოვების მოთავე, სწორედ ფერგი იყო, ვენგერის ალბათ მაინც ყველაზე აუტანელი მეტოქე და მოწინააღმდეგე მათი მრავალწლიანი  შეჯიბრის დროს და ის კი უნდა გენახათ, როგორი ხალისით და სითბოთი დააფასა ფერგიმ არსენი და პირადი საჩუქარიც გადასცა მოზრდილი ყუთით. ვენგერი აშკარად  ნასიამოვნები იყო  და მატჩისშემდგომ ინტერვიუში მადლობაც თქვა. როცა კითხეს, ყუთში რა იდოო, მხოლოდ ეშმაკურად გაიღიმა, პირადი საჩუქარი საიდუმლოდ დატოვა.


ფერგიც ხომ ამ რაზმეულიდანაა, საქმის ასე და ამდენ ხანს მაკეთებელი კაცების  რიგიდან. თხუთმეტი წლის წინათ, კლუბის  უფროსობასთან უთანხმოებისას   გამოაცხადა, სეზონის ბოლოს მივდივარო.  გუნდზე ამან ცუდად იმოქმედა და მერე თავადაც გადაიფიქრა, საბოლოოდ კი იხუმრა, რომ წავსულიყავი,  სად  წავსულიყავი, უნდა მევლო და ჩემს ცოლთან ერთად  პენსიონერებთან ბინგო  მეთამაშა, სად შემიძლიაო. სწორედ ეგ სად შემიძლია ემართებათ ხოლმე.

იმის შემდეგ კიდევ  ათ წელიწადს იყო მენეჯერად და ჩემპიონთა  ლიგის მოგება და ზედიზედ ჩემპიონობაც მოახერხა. და საერთოდ, დიდი კაცია. გამოსათხოვარ სეზონში, ასე ამბობდნენ, იუნაიტედი დიდად არ ვარგოდა, მაგრამ  სერ ალექსი ვისი მწვრთნელიც იქნებოდა, ჩემპიონიც ის გახდებოდაო.

ჰოდა, მაგრად დადექი, ბოს! მითუმეტეს, რომ ისევ ბოსი ხარ.