ლიგა ციფრებში: ვის რა შანსი აქვს?

ეროვნულ ლიგაში ორი ტური დარჩა და ცხრილის გარშემო  ვიტრიალებთ. საჩემპიონო რბოლაში ხომ ამბებია, უფრო დიდი ჩახლართულობაა ქვედა ნაწილში. 

მერვე და მეცხრე ადგილებზე გასულები ხომ ფლეი–ოფში მოხვდებიან სამტრედიასთან და თელავთან. იქ მოხვედრა და თავის ტკივილი კი, აბა, ვის უნდა?

 

ოთხ გუნდს ემუქრება საფრთხე. რთულ სიტუაციაში რუსთავი და სიონი არიან, მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ მეშვიდეზე გავიდნენ.

 

ჩიხურა 6 ქულით უსწრებს მერვეადგილოსან სიონს და არანაირი საფრთხე, რადგან სიონს ურთიერთშეხევდერებში სჯობს.  

 

დილას (42) თავი ქუდში ჯერ არ აქვს. 4 ქულითაა დაშორებული სიონისგან და დარჩენილი აქვს ორი რთული მატჩი: შინ თბილისის დინამოსთან და სტუმრად უშუალო კონკურენტ რუსთავთან. ხომ შეიძლება, ორივე წააგოს?!

 

ტორპედოს (41) ამ გადმოსახედიდან შედარებით უკეთ აქვს საქმე, რადგან დილასგან განსხვავებით ისეთ გუნდებს ხვდება, რომლებსაც დიდი სატურნირო მოტივაცია არ აქვთ: გავარდნილ ვიტ ჯორჯიას თბილისში და ჩიხურას შინ.  

 

სიონი (38) ჯერ შინ ლოკომოტივს და ბოლოს სტუმრად საბურთალოს ეთამაშება. ლოკოს ჯერ მაინც სჭირდება ქულები, რათა ევროპაზე გავიდეს. და სიონთან რომ წააგოს, ვინ იცის, ვერც მოიპოვოს ეს ქულები, რადგან ბოლო ტურში ბათუმის დინამოს ეთამაშება. აი, საბურთალო კი ბოლოს უმოტივაციო იქნება.

 

რუსთავს (37)  რთულად აქვს საქმე, რადგან ბათუმის დინამოსთან აქვს გასვლა და თუ წააგო, ვერცერთ ვარიანტში ვეღარ ასცდება ფლეი–ოფს: მერე თუნდაც მოუგოს დილას. თუმცა იმასაც გააჩნია, მერვეზე გახვალ თუ მეცხრეზე. მერვეადგილოსანი თელავს ხვდება, მეცხრე – სამტრედიას.  

 

ურთიერთშეხვედრებზე. ქუთაისელებს ერთი უპირატესობაც აქვთ: სამივე კონკურენტს სჯობნიან ურთიერთშეხვედრებში. თანაბარი ქულების შემთხვევაში კი მთავარი განმსაზღვრელი ჯერ ურთიერთშეხვედრებია. ამ მხრივ სიონის საქმეა ცუდად, სამივესთან მინუსშია.   

 

დილა–რუსთავი ჯერჯერობით თანაბარია, 3 მატჩი, თითო მოგება, ფრე და წაგება. ბურთები 3:3.

დილა–სიონი: უპირატესობა დილას აქვს

დილა–ტორპედო: უპირატესობა ტორპედოს აქვს

ტორპედო–სიონი: უპირატესობა ტორპედოს აქვს

ტორპედო–რუსთავი: უპირატესობა ტორპედოს აქვს

სიონი–რუსთავი: უპირატესობა (მხოლოდ სტუმრად გატანილი მეტი გოლი) რუსთავს აქვს

 

 

რა შემთხვევაში ვერ გავა ლოკომოტივი მეოთხე ადგილზე? ერთადერთი, ვინც შეიძლება დაეწიოს ან გაუსწროს, ჩიხურაა. სხვაობა 5 ქულაა. თანაბარი ქულები თუ დააგროვეს, მეოთხეზე ჩიხურა გავა – ურთიერთშეხვედრებში წინაა.

 

ლოკოს იოლი კალენდარი როდი აქვს? ჯერ სიონს ეთამაშება, რომელსაც ქულები ძალიან სჭირდება, მერე კი – ჩემპიონობაზე მომართულ ბათუმის დინამოს. ასე რომ, არის შანსი, რომ 1 ქულაზე მეტი ვერ აიღოს, ხოლო ჩიხურა თუ 6 ქულას აიღებს, სწორედ საჩხერელები გავლენ მეოთხეზე და შესაძლოა, ევროპა ლიგაზეც (თუ ლოკომოტივი თასის ფინალს წააგებს საბურთალოსთან).

 

ბოლოს საჩემპიონო რბოლაზე, რაც შედარებით მარტივია, რამდენიმე დღის წინ დავწერეთ და უბრალოდ გავიმეორებთ: თბილისის დინამოს დარჩენილი აქვს ჯერ დილასთან გასვლა, მერე კი შინ ვიტ ჯორჯიასთან. ბათუმელები კი ჯერ რუსთავს უმასპინძლებენ, ბოლო ტურში კი ლოკომოტივს თბილისში ხვდებიან.

 

ყველაფერი თბილისის დინამოზეა დამოკიდებული. ორი ქულით წინაა, მაგრამ თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი ბათუმის დინამო გახდება.

 

სალომე ბალახაშვილის ფოტო