დოჰიოზე კრივი ვიხილეთ - ოძეკი ამ კომპონენტში ჩემპიონი ვერ გამოდგა

ენჰომ აოიამაც დაამარცხა და ხუთ დღეში ოთხი გამარჯვება მოიპოვა

სამწუხაროდ, კიუშო ბაშოს მეხუთე დღემ ლევან გორგაძის გარეშე ჩაიარა. ტაკარაფუჯისთან ბრწყინვალე გამარჯვება ტოჩინოშინს ნეკნის მოტეხვის ფასად დაუჯდა და ტურნირს გამოეთიშა. დასანანია, რომ ქართველს შემდეგ ბაშოზე სანიაკუში (პირობითი გაერთიანება, სადაც სუმოს იერარქიაში ოთხი ყველაზე მაღალი საფეხურის წარმომადგენლები არიან: კომოსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა) ვეღარ ვიხილავთ - ის სავარაუდოდ მეოთხედან მერვე მაეგაშირამდე ადგილს დაიკავებს...

 

დასანანია კიდევ ერთი ქართველის, გაგამარუს მარცხიც. თეიმურაზ ჯუღელი პირადი სიმამაცის ხარჯზე დგას დოჰიოზე და ის უარყოფითი ბალანსი (1:4), რომელსაც აფიქსირებს, სრულიად ლოგიკურია. დღეს ქართველი სუმოტორი ჯურიოს მე-12 მაეგაშირა აკუამ იორიკირის კიმარიტეთი დაამარცხა...

 

 

მოვლენები ჩვენთვის სამწუხაროდ განვითარდა, თუმცა ამით ნოემბრის დიდი ტურნირი არ დასრულებულა. დოჰიოზე სანამ თეთრი ფენიქსი დგას, მანამდე შოუ იქნება. 34 წლის დიდი ჩემპიონი ამ სპორტში მრავალი წელი ვეღარ დარჩება, ეს მისი კარიერის ბოლო აკორდია და სანამ იოკოძუნას დარი სუმოს ჭიდაობა შეუძლია, მავაშისაც მანამდე მოირგებს. 

 

ჰაკუჰოს დღეს ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა, მონღოლმა მიოგირიუ უმარტივესად, ცუკიოტოშის კიმარიტეთი დაამარცხა. 

ჰაკუჰოს ბალანსი - 4:1

 

მიოგირიუ - ჰაკუჰო

 

 

ოძეკი ტაკაიასუსა და მე-2 მაეგაშირა მეისეის შეხვედრა ძალიან სანახაობრივი გამოდგა. სუმოტორებმა ქამარი არ აიღეს და კრივი შემოგვთავაზეს, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი, უიშვიათესი კიმარიტე - კაინაჰინერით, მეისეის გამარჯვებით დასრულდა.

 

ტაკაიასუს ბალანსი - 2:3

 

მეისეი - ტაკაიასუ

 

 

ტაკაკეიშო რასაც იგებს, კლასის ხარჯზე იგებს. ოძეკის ტრავმა აწუხებს და ტაკარაფუჯისთან ეს ნათლად გამოჩნდა. 

 

ტაკაკეიშოს ბალანსი - 3:2

 

ტაკაკეიშო - ტაკარაფუჯი

 


 

სეკივაკე მიტაკეუმის არც ტრავმა აწუხებს და არც გრიპი, თუმცა ოძეკობის შანსს კიდევ ერთხელ უშვებს... იაპონელს სტაბილურობა აკლია და ოკინოუმისთან მარცხიც სწორედ ამის მანიშნებელია...

 

მიტაკეუმის ბალანსი - 2:3

 

მიტაკეუმი - ოკინოუმი

 


 

ყველასთვის საყვარელი ენჰო ამ ბაშოსაც შესანიშნავად იწყებს. ტანმორჩილმა რიკიშიმ ამჯერად ტოჩინოშინის თანაგუნდელი აოიამა დაამარცხა.

 

ენჰოს ბალანსი 4:1

 

აოიამა - ენჰო