კარი იხურება, შემდეგი გაჩერება - დრაფტი

თუ გოლდენ სტეიტი სტეფზე ფიქრობს, გუნდმა ლიდერი ერთი წლით უნდა დაასვენოს.

გოლდენ სტეიტმა სტეფ კარი უნდა დაასვენოს. გოლდენ სტეიტმა სტეფ კარი შემდეგ სეზონამდე არ უნდა დატვირთოს.

სტეფი დალეწილია. სტეფი ვერ დარბის. გოლდენ სტეიტი ბავშვებით და საეჭვო პოტენციალის მქონე მილიონერებით ვერ ქაჩავს. სტივ კერი დეპრესიას ებრძვის. ადრე, ძირითადად - ლებრონებს და ჰარდენებს ებრძოდა.

და, ლიგას ამ სეზონში დააკლდება ორი ტიტანი. სტეფი და კევინ დიურანტი.

თითქოს, თანოსმა ყველა ქვა შეაგროვა და თქვა, დაისვენეთ, აქ ზედმეტად ბევრი ნიჭია. გენოციდმა ორი სუპერვარსკვლავი შეიწირა.

სტეფის გარეშე გოლდენ სტეიტი უსისტემოდ დარჩა. კლეი ტომფსონის გარეშე, გოლდენ სტეიტს დააკლდა ნდობა. დრეიმონდ გრინი საკუთარ თავს ვერ დააზღვევს. მუღამი არ აქვს.

სტეფი კიდევ ერთხელ გაუსაუბრა ექიმებს და უორიორზის სამედიცინო გუნდმა თქვა - შეგიძლია, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით. სტეფმა არ უნდა გარისკოს.

ბოლო ხუთ სეზონში კარიმ ფლეი ოფში 93 ჩეხვა ჩაატარა. დაუნდობელ მემფისთან, სწრაფ და აგრესიულ ჰიუსტონთან, ყოველთვის მოტივირებულ ლებრონთან - სტეფის სხეული დაიღალა, გამოიფიტა, ვერ გაუძლო ერთ გაქცევას.

თუ გოლდენ სტეიტი სტეფზე ფიქრობს, გუნდმა ლიდერი ერთი წლით უნდა დაასვენოს.

მანამდე, კლუბი მშვიდად გავა ბოლო ადგილზე რეგულარულში და კარისთან ერთად, შემდეგი სეზონისთვის დრაფტიდან ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდას დაიმატებს. ორმაგი სარგებელი.

დაისვენე, სტეფ, დაისვენე.