ღირსებისთვის: სენტ გალენში სტუმრობაო...

შვეიცარია–საქართველოს მატჩს ჰოლანდიელები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი იქნება დანი მაკელი, რომელსაც არაერთი მაღალი რანგის თამაში აქვს ნამსაჯი. მაგალითად, ბოლოს ასეთი იყო ორი თვის წინანდელი ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკო–იუვენტუსი (2:2), როცა გაითიშა... ბურთი მოხვდა სახეში.

 

მაკელის არასოდეს უმსაჯია შეხვედრა საქართველოს ნაკრების, ან ქართული გუნდების მონაწილეობით.

 

შვეიცარია–საქართველო თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება ქალაქ სენტ–გალენში. სტადიონი კიბუნპარკი 17 717 მაყურებელს იტევს და ადგილობრივი პრესის ცნობით, ტრიბუნები სავსე იქნება.

 

სხვათა შორის, შვეიცარიას სენტ გალენში 5 მატჩი აქვს გამართული და ხუთივე მოგებული აქვს, აქედან ბოლო 4 – დიდი ანგარიშით. აი, ხუთივე: ლატვიასთან 2:1, ლიტვასთან 4:0, სან მარინოსთან 7:0, ანდორასთან 3:0, ისლანდიასთან 6:0.  ასე რომ, ნუ მივბაძავთ სხვა სტუმრებს...

 

საქართველოსთვის ეს ჯგუფში ბოლო მატჩია. მართალია, მეოთხე ადგილიდან ვერც ზემოთ დაიძვრება და არც ბოლოზე გასვლა ემუქრება, მაგრამ კარგი თამაში და კარგი შედეგი ღირსების საქმეა.