ვარსკვლავები, რომლებსაც ნაკრებში არ ენდობიან

რამხელა ფუფუნებაა, როცა ამ ფეხბურთელებს ნაკრებში არ იძახებ...

მსოფლიო ფეხბურთში ბევრი ვარსკვლავია, რომლებსაც, გასაგები თუ გაუგებარი მიზეზების გამო, მრავალი წელია ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ.  

 

კარიმ ბენზემას შემთხვევა ყველამ იცის, ვალბუენასთან გახმაურებული ამბის შემდეგ, დიდიე დეშამს  რეალის თავდამსხმელის გამოძახება არ სურს, არადა, ფრანგ ფორვარდს ეროვნული გუნდის რიგებში 81 თამაშში 27 გოლი აქვს გატანილი.

 

უკანასკნელად, ბენზემამ მამლების რიგებში 2015 წლის ოქტომბერში, სომხეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, ოფიციალურში კი, ბოლოს მოედანზე გერმანიასთან, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ვიხილეთ.

 

დეშამი ალექსანდრ ლაკაზეტსაც არ სწყალობს. მისთვის 2017 წლის 14 ნეომბრიდან არ დაურეკავს. არსენალის შემტევმა ბოლოს გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

 

ეროვნულ გუნდში, ადრიენ რაბიოსა და ენტონი მარსიალს 2018 წლის 27 მარტის შემდეგ არ უთამაშიათ.

 

ესპანეთის ნაკრებში კოკეს შემთხვევა ნამდვილად საყურადღებოა. ფეხბურთელს 44 სანაკრებო კეპი აქვს, როგორც 2014, ასევე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა ლა როხაში 2018 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ არ იძახებენ.

 

ჩელსის კაპიტანმა, სეზარ ასპილიკუეტამ ესპანეთის ფორმა 25-ჯერ მოირგო, როგორც კოკე, განაცხადში 2014 და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო, თუმცა მისი ბოლო შეხვედრა, ბოსნიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, 2018 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.

 

მადრიდის რეალის მარცხენა მცველს, მარსელოს ბრაზილიაში 58-ჯერ უთამაშია, თუმცა სელესაოს რიგებში 2018 წლის 6 ივლისის შემდეგ არ ჩანს. ბოლოს მარსელო მოედანზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბელგიის წინააღმდეგ გამოვიდა.

 

მაურო იკარდის მალე 3 წელი შეუსრულდება, რაც არგენტინის ნაკრებში არ იძახებენ. ბოლოს მას 2017 წლის 13 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ ოფიციალური შეხვედრისთვის დაურეკეს.

 

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები აღარ სჭირდება, როგორებიც: მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და ტომას მიულერი არიან.

 

გარეთ საუთგეიტს ჯეკ გრილიშისთვის აქამდე შანსი ჯერაც არ მიუცია, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში მასზე გამუდმებით ლაპარაკობენ.

 

ბოლოს კი, კარლოს ველას პოპულარული ამბავი. მას არც 2014 და არც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ უთამაშია. ვნახოთ, მექსიკის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო მას ნაკრების საჭირო ფეხბურთელად მიიჩნევს თუ არა.