ისევ ბრძოლა, ისევ მარცხი - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაში წააგო

საქართველოს ნაკრები გაბედულად უტევდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო

ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაში ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენ ფეხბურთელებს ხელს არცერთი შედეგი არ აძლევდა, მეტოქეს კი, საპირისპიროდ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. 

 

მატჩის საწყის 15 წუთში შვეიცარიელებმა შტურმი მოგვიწყვეს. ეს ქართველი ფეხბურთელების საწყის მღელვარებას უნდა მივაწეროთ, რადგან თამაშმა აჩვენა, რომ, ამის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა თამაშს მოუმატა და მომენტებიც შექმნა. 

 

მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრებს ყველაზე რეალური მომენტი შეექმნა - შენგელიას პასის შემდეგ ქვილითაია ურტყამდა და მიზანმა სულ მცირედით უმტყუნა - ბურთი კარის ძელს მოხვდა. 

 

24-ე წუთზე თავისი ოსტატობის დემონსტრირება უკვე ლორიას მოუხდა, როდესაც აიეტის მიერ დარტყმული და შემდეგ დამატებული ბურთი ორჯერ მოიგერია. 

 

აღსანიშნავია მე-40 წუთზე ელვედის მიერ თავით დარტყმული ბურთი, როდესაც ოთარ კიტეიშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. 

 

პირველი ტაიმი, შვეიცარიელების უპირატესობის მიუხედავად, უგოლო ფრედ დასრულდა. 

 

რასაკვირველია, მეორე ნახევარში მოწინააღმდეგემ ისევ შემოგვიტია. 47-ე წუთზე თავით აკანჯი ურტყამდა, თუმცა იღბალი ამჯერადაც ჩვენ მხარეს იყო. 

 

ქართველ ფეხბურთელებს შეეტყოთ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი ბოლომდე მოეხსნათ და ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. 

 

შენგელიას, ყაზაიშვილს და კიტეიშვილს გოლის გატანის შანსები მიეცათ, თუმცა ყველა შემთხვევაში კარს მცირედით ააცილეს. 

 

შვეიცარია ძალიან ნერვიულობდა, გააზრებულად ჩვენს კარებთან სახიფათოს ვერაფერს ქმნიდა, როდესაც ბურთი ცუდად ამოვიტანეთ და ჩაწოდების შემდეგ, 77-ე წუთზე, იტენმა ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

 

ამის შემდეგ, გამოსარჩევია, 88 წუთზე, ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი დრიბლინგი, რომლის შემდეგაც რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე ზომერს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 

 

საბოლოოდ, შვეიცარიის სასარგებლოდ 1:0

 

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მეტოქეს გაბედულად უტევდა. რა თქმა უნდა, ბოლომდე თამაშისთვის ჩვენი ფეხბურთელები მხოლოდ ქების ღირსნი არიან, თუმცა ფეხბურთის მთავარი კომპონენტი - გოლი, ამ შეხვედრაშიც დაგვაკლდა.