25 წელი გასულა...

ზუსტად 25 წლის წინ... ცივ, ნისლიან ამინდში, შუადღის ორ საათზე. დაახლოებით 50 000 მაყურებელი სტადიონზე და უმრავლესობას სახლში ელოდებოდა ცივი კედლები, გაყინვა, არა შუქი, არა წყალი, არა გაზი. 

 სამაგიეროდ, ზამთრის შიში.

 

ის ორი საათი ყველაფრად ღირდა. საქართველომ შესარჩევების ისტორიაში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა, პირველი ქულები აიღო და პირველად მოიგო. იყო პესიმიზმი, განაწყენებული გულშემატკივრები... შესარჩევში ორი თამაში უკვე წაგებული გვქონდა, გოლის გარეშე. თანაც, წინა დღეს საქართველო–უელსის 21–წლამდელთა ახალგაზრდული იყო და წავაგეთ. თანაც, იან რაში, მარკ ჰიუზი, დინ სონდერსი, კრის კოულმენი – ბრიტანელთა შემადგენლობას ვერ დაიწუნებდი, ეგაა, იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა რაიან გიგზი აკლდათ. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ვარსკვლავი.

 

მახსოვს, საწყის ოც წუთში ჩვენებს გაუჭირდათ, უელსი უფრო იკბინებოდა. როგორ მოხდა ეს გარდატეხა? ასე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ თემურ ქეცბაიას ლამაზი გოლით რომ დაიწყო, ერთ ამოსუნთქვაში გაგრძელდა. უელსი იყო დამძიმებული, ჩვენები კი კიდევ ერთ ტაიმს თავისუფლად ჩაატარებდნენ.

 

აკი დავწერეთ, თამაში შუადღის ორ საათზე დაიწყოო და უელსში სულაც დილის 10 საათი იყო. რას იზამ, როდის გამოირთვებოდა შუქი, ვერ გაიგებდი, ამიტომაც განათებაზე თამაში რისკი იქნებოდა. დროის ფაქტორი ნამდვილად იმოქმედებდა სტუმრების თამაშზე.  

 

დახატული გოლები! უელსელთა გამოცდილ და უკვე ჩასუქებულ მეკარე ნევილ საუთჰოლს თავზე გადაუგდეს ბურთები. დასანანი იყო მხოლოდ გიორგი ნემსაძის ტრავმა, თან რა კურიოზულ სიტუაციაში, არაფრისგან. გიორგი ქინქლაძემ გოლი რომ გაიტანა, ნემსაძე მისალოცად გაიქცა და მუხლებზე გასრიალდა: მყესი დაიზიანა და რამდენიმე თვე უფეხბურთოდ დარჩა... არადა, ქინქლაძეს სწორედ „ნემსომ“ გაატანინა. პირისპირ დატოვა.  

 

მარტო ანგარიშზე არაა. საქართველოს ნაკრები ლამაზად და აღმაფრენით თამაშობდა. ეს არ იყო ტაბლოს გუნდი.

 

საქართველო–უელსი 5:0

 

საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი 42), გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი 75), ქინქლაძე, შოთა არველაძე

 

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

 

უელსი: საუთჰოლი, ნილსონი (საიმონსი 46), ბოუენი, მელვილი, კოულმენი, ჰორნი,  ფილიპსი,  სონდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი

 

მწვრთნელი: მაიკ სმიტი

 

გოლები: 1:0 ქეცბაია (31), 2:0 ქინქლაძე (41), 3:0 ქეცბაია (49), 4:0 გოგრიჭიანი (59), 5:0 შოთა არველაძე (68)

 

მსაჯი: სარსი (საფრანგეთი)