ბელგიის დაბადება - უფსკრულიდან ვუნდერკინდებამდე...

ბელგიის ნაკრები წლიდან წლამდე უმატებს და მსოფლიო ფეხბურთის ერთერთ გრანდად გვევლინება. ისინი დისციპლინაზე დამყარებულ ფეხბურთს, ტექნიკურ და შემტევ თამაშს არჩევენ. 7 წლის წინ ასე არ იყო. რა შეიცვალა?

 

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგიისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა: მექსიკასთან, ჰოლანდიასთან და სამხრეთ კორეასთან არც თუ ისე რთულ ჯგუფში, მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს და ვერც ერთი თამაში მოიგეს. კარგ შთაბეჭდილებას მხოლოდ მარკ ვილმოტსი ტოვებდა, მან მექსიკას ორი გოლი გაუტანა.

 

2 წლის შემდეგ კოშმარი გაგრძელდა: ბელგია-ჰოლანდიამ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლეს. ეს რეაბილიტაციის შანსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბელიგიელებმა ანტი-რეკორდი დაამყარეს - ბელგია პირველი გუნდი გახდა, რომელიც საკუთარ კედლებში Play Off-ში ვერ გავიდა.

 

ნათელია, რომ ეს შემთხვევითობა კი არა, სისტემური კრიზისი იყო. ბელგიის ფედერაციამ სირაქლემის პოზიციის არჩევას, რევოლუციის გზა აირჩია და ტექნიკურ დირექტორად 54 წლის მიხელ საბლონი მიიყვანა.

 

საბლონის დანიშვნა გარკვეულწილად სიმბოლურიც იყო, რადგან ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტი 1986-დან 1994 წლამდე იყო და ისეთ ფეხბურთელებს ავარჯიშებდა, როგორებიც: კულემანი, შიფო და ვერვორტი არიან.

 

საბლონმა დანიშვნიდან პირველივე პრეს-კონფერენციაზე შემდეგი სიტყვები თქვა: „ჩვენ ფეხბურთელების აღსაზრდელად ახალი სისტემა გვჭირდება, რომელიც შედეგს 10 წლის შემდეგ გამოიღებს. მერე ყველაფერი შეიცვლება“

 


 

დანიშვნიდან პირველსავე თვეს, საბლონი ახალი სისტემის ძიებას ენერგიულად შეუდგა: ის როგორც ჰოლანდიას, ასევე ესპანეთს რამდენჯერმე ესტუმრა და ადგილობრივი აკადემიების გამოცდილება შეისწავლა. მან, როდესაც თეორიული ცოდნა მიიღო, ლიგის, გენტისა და ლიოვენის სკოლებს იმ ფაქტორებზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავლენას ყველაზე მეტად ახდენდა.

 

საბლონი პროფესორ ვერნერ ჰელსენს დაუმეგობრდა, რომელიც ლიოვენის უნივერსიტეტში მუშაობდა. ლექტორმა და მისმა ჯგუფმა ბელგიაში ბავშვთა ფეხბურთზე 1500 წუთიანი ვიდეო დეტალურად შეისწავლეს და გიგანტური მოხსენება მოამზადეს. ეს ფუნდამენტი იყო, საიდანაც ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობა წამოვიდა.

 

საბლონმა მოხსენება კარგად შეისწავლა და რამდენიმე თვის განმავლობაში რეფორმის შინაარსის დამუშავებას მოანდომა.

 

თუ 90-იანი წლებისთვის სხვადასხვა აკადემია ფეხბურთელებს სხვადასხვა ტაქტიკას აჩვევდა, საბლონმა გადაწყვიტა რომ ასე არ უნდა გაგრძელებულიყო, მან აიაქსისა და ბარსელონას სათამაშო ფილოსოფია ბელგიის ნაკრებისთვის ყველაზე ორგანულად მიიჩნია.

 

„4-3-3 ტაქტიკა საშუალებას გვაძლევს ფეხბურთელები მრავალფეროვანი სათამაშო ტექნიკითა და აზროვნებით გავზარდოთ. 4-4-2 და 3-5-2 მხოლოდ გაუთავებელ მუშაობასა და სირბილს მოითხოვს“, - თქვა საბლონმა.

 

ჰელსენის კვლევა საგანგაშო აღმოჩნდა, რადგან გამოჩნდა, რომ ბავშვი 30 წუთის განმავლობაში ბურთს საშუალოდ ორჯერ ეხებოდა. საბლონმა იმ დროისთვის უჩვეულო მეთოდი შეიმუშავა: შვიდ წლამდე ბავშვები ერთმანეთთან ორი ორზე უნდა ეთამაშათ, შემდეგ ხუთი - ხუთზე, უფროსები კი - შვიდი - შვიდზე (სრული შემადგენლობით მატჩების ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ უწევდათ, რაც 15 წლის გახდებოდნენ). ასეთ დროს მოთამაშეებს მუდმივად სირბილი არ უწევთ, მჭიდროდ თამაშობენ და ბურთთან უფრო ახლო კონტაქტში არიან.

 

 

 

საბლონს დაცვისთვის ყურადღების მიქცევა არ დაავიწყდა. მან გუნდებს შესთავაზა, რომ ბავშვებს ძალისმიერ თამაშში ერთმანეთისთვის ბურთის წართმევა აკრძალვოდათ. ეს მათ ფიქრისთვის მეტ გასაქანს აძლევდა და ძალისმიერი ორთაბრძოლების ნაცვლად, მოედანზე თამაშის წაკითხვას სწავლობდნენ.

 

„ანდერლეხტში ფეხბურთელებს ძალისმიერი ფეხბურთით ბურთის ართმევა აეკრძალათ. ასე, ადრეულ ასაკში ბავშვები თამაშის წაკითხვის სხვადასხვა ხერხებს სწავლობენ. ჩვენ ჭკვიანი ფეხბურთელები გვჭირდება და არა ყასბები...“ - ეს ანდერლეხტის აკადემიის მწვრთნელის, იენ კინდერმანის სიტყვებია.

 

ბელგიაში ისე არ ყოფილა, საბლონმა თქვა და ყველა ასე უნდა მოვიქცეთო. 2001 წელს, ის ქვეყნის გარშემო 2 თვის განმავლობაში პრეზენტაციებს ატარებდა. თითოეული მათგანი 4 საათს გრძელდებოდა და ასეთის ჩატარება მას დაახლოებით 100-ჯერ მოუხდა.

 

ერთხელ, ერთერთ აკადემიაში, როდესაც კლუბის პრეზიდენტთან ერთად საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, მოულოდნელად გაჩერდა

 

საბლონი: „ისე ჩანს, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ“

 

პრეზიდენტი: „რატომ?“

 

საბლონი: „შევამჩნიე, რომ U7 და U8 გუნდების შემადგენლობა გამოყოფილი ცალ-ცალკე გაქვთ“

 


 

მიშელის არგუემნტი შემდეგი იყო: შეუძლებელია ბავშვებმა ფეხბურთის თამაში ისწავლონ, თუ ისინი მხოლოდ შედეგის მიღწევაზე ფიქრობენ. ამ დღეს საბლონის პროგრამას ერთი პუნქტი დაემატა - ახალგაზრდებს შორის სატურნირო ცხრილი არ უნდა არსებობდეს.

 

ამის შემდეგ, კლუბებმა საბლონის იდეა გაითავისეს და არჩიეს, რომ ჯობდა რამდენიმე დიდი ტალანტი აღეზარდათ, ვიდრე ვან ბუიტენის დარი ფეხბურთელები 10 წელიწადში ერთხელ გაეყიდათ.

 

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ რაც კი თანხა მოიძია ყველაფერი აკადემიების მშენებლობას მოახმარა. 14-დან 18 წლამდე ბავშვები კლუბების აკადემიებში პრაქტიკულთან ერთად სერიოზულ თეორიულ მომზადებასაც გადიოდნენ.

 

საბოლოოდ, ბელგიის ნაკრებმა არა მხოლოდ ძალიან ძლიერი 11 ფეხბურთელი, არამედ მთელი თაობა მიიღო.

 

ეს პროცესი არც ახლა გაჩერებულა და ბელგია ტალანტების ნამდვილ სამჭედლოდ იქცა.