ვილი ისიანის სამყარო

საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. 

ამერიკა ვილი ისიანისთვის მეორე სამშობლო გახდა. გულით ბიჭი საქართველოშია და დიდ დროს იქ, მიკი მენტლის, მაიკლ ჯორდანის და ბრიუს სპრინგსტინის მიწაზე ატარებს.

ვილის დღევანდელი დისლოკაცია - University of Detroit Mercy. უკვე მეორე სეზონია. ნომინალურად მძიმე ფორვარდი, ადის ცენტრზე, მაგრამ მწვრთნელები მას პერიმეტრიდან ენდობიან და ისიანი ხშირად გარედან თამაშობს. მშვენივრად ისვრის სამიანებს და იმ, მეორე გუნდის მაღალი ვილიზე გარეთ ამოდის და სამწამიანში თავისუფალი დერეფნები რჩება. კარგი, აპრობირებული ტაქტიკა.

ბიჭი მთლიანად ამ სეზონზეა კონცენტრირებული და გეგმებსაც შედეგებიდან გამომდინარე ააწყოს. ასე უფრო სწორი იქნება.

 

სწავლაზე.

ვილი ისიანი: სწავლის დრო დამოკიდებულია საგნებზე. ამ სემესტრში რთული, მაგრამ საინტერესო საგნები მაქვს არჩეული და კვირაში დაახლოებით, 8-10 საათი მეცადინეობას მიაქვს. საინტერესო პროცესია. განათლება მნიშვნელოვანია.

გართობაზე.

ვ.ი: გართობისთვის დიდი დრო არ მრჩება. 3 საათი ვარჯიშზე, რამდენიმე საათი სასწავლებელში, სულ მცირე, 1 საათი ტრენაჟორებზე, დასვენება. საინტერესო განრიგი მაქვს და გართობისთვის დრო თითქმის არ მრჩება. არც - ენერგია. ძალიან იშვიათად, თუ თავისუფალი დრო მაქვს, გუნდელებთან ერთად ვიკრიბებით, ვლაპარაკობთ, კომპიუტერული თამაშებით ვერთობით. ასეთი დღეები თითქმის არ არის.

ქართულ სუპერლიგაზე.

ვ.ი: დიახ, სუპერლიგას თვალს ვადევნებ, ვეცნობი სიახლეებს. იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და აქედან ვგულშემატკივრობ.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე.

ვ.ი: საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება. ისევე, როგორც - ყველასთვის. იმედი მაქვს, ნაკრებში მალე გამომიძახებენ.

საყვარელი კალათბურთელები.

ვ.ი: ასე, ერთი საყვარელი კალათბურთელი არ მყავს. 14-15 წლის ასაკში მაიკლ ჯორდანი მიყვარდა. დღესაც მაგრად მიყვარს, მაგრამ პარალელურად, სხვებსაც ვგულშემატკივრობ - იმ მოთამაშეებს, ვისი სტილიც მომწონს და ვცდილობ, რომ ეს ელემენტები ჩემი კალათბურთის ნაწილიც გახდეს - კევინ ლავი, კლეი ტომფსონი, რომელსაც საოცარი სროლა აქვს. მომწონს მაღალი და მსროლელი მოთამაშეები.

რას უყურებ, რას უსმენ?

ვ.ი: საყვარელი ფილმი არ მაქვს, მაგრამ მომწონს მარველის სტუდიის ფილმები. სიამოვნებით ვუყურებ კომედიებს და მსახიობებიდან ალბათ, გამოვარჩევდი ბრედ პიტს, ჯეკ ნიკოლსონს, ლეონარდო დიკაპრიოს. მუსიკა, მუსიკა... ჩემი გუნდელები აგრესიულ რეპს უსმენენ, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მიმდინარეობა ცუდია. ვუსმენ ყველაფერს, რაც იმ მომენტში ჩემს ხასიათში ჯდება.

საქართველოზე.

ვ.ი: საქართველოში წელიწადზე მეტი არ ვყოფილვარ. აქ დარჩენა გადავწყვიტე. მინდა, რომ ბევრი ვივარჯიშო, მთელი ზაფხული ფიზიკურ დატვირთვებს დავუთმე. აქ ძალიან კარგი პირობებია და მსურს, რომ ეს შანსი ბოლომდე გამოვიყენო. საქართველო ძალიან მენატრება.

კითხულობ?

ვ.ი: კი, ძალიან ბევრს ვკითხულობ. ბუნებრივია, ინგლისურად და მეტწილად, სათავგადასავლო ლიტერატურას. ასევე, მომწონს წარმატებული ხალხის მიერ დაწერილი წიგნები. ძალიან საინტერესოა.

ვინ გახდება წელს NBA-ს და ევროლიგის ჩემპიონი?

ვ.ი: ცოტა რთული გამოსაცნობია. ლეიკერსი ძალიან კარგ ფორმაშია. ჰიუსტონიც, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ჩემპიონი დასავლეთის კონფერენციიდან იქნება. ევროლიგის ჩემპიონის დასახელება უფრო რთულია. იქ მეტი თანაბარი ძალის გუნდია.