აი, შანსი... 17-წლამდელებს ელიტრაუნდისთვის ფრეც ჰყოფნით

როგორი მდგომარეობა აქვს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროშესარჩევზე? 

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში უკრაინასთან 0:2 წააგო, მასპინძელ პორტუგალიასთან 0:0 ითამაშა და ბოლო ტურში სამშაბათს ალბანეთს ხვდება.

 

მესამეზე გასასვლელად საქართველოს ფრეც ხელს აძლევს. ბევრი ასეთი ჯგუფია და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის ელიტრაუნდში. და წარმოიდგინეთ, ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ გიორგი ჩიტაურის გუნდს ალბანეთთან ფრეც ჰყოფნის, რათა ამ ოთხეულში მოხვდეს, ანუ ელიტრაუნდში გავიდეს.

 

ეს როგორ? საქმე ისაა, რომ როცა ოთხეულის არჩევაა, მესამეადგილოსნებს ბოლოზე გასულებთან შედეგს არ უთვლიან, მხოლოდ პირველ-მეორეადგილოსნებთან ქულები მიიღება სათვალავში. მესამეზე კი, ერთის გარდა, სულ ისეთი გუნდები გავიდნენ, პირველ-მეორეადგილოსნებთან ორივე თამაში რომ წააგეს. ჩვენებს კი უკვე აქვთ ქულა პორტუგალიასთან.

 

პარადოქსია და ალბანეთთან 0:0 რომ მორჩეს, საქართველოს ნაკრები 0 გოლით გავა ელიტრაუნდში.

 

თუმცა რა თქმა უნდა, მეორეზე გასვლის მცირე შანსიც არსებობს: საქართველომ მოუგოს ალბანეთს, უკრაინამ კი პორტუგალიას და ბურთების შეფარდებაში ვაჯობოთ მასპინძლებს. თუმცა მიზერულია...