ისევ დრამა, ისევ მარცხი

გია ცეცაძის შეგირდებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის მეხუთე მატჩში სლოვაკეთს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

 

ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა მე-8 წუთზე გახსნეს. მოედნის ცენტრში კუციამ მეტოქეს ბურთი შესანიშნავად აართვა და მალის უპასა, საბურთალოს მცველმა ერთი ერთზე დარჩენილ კუციას დაუბრუნა და დილას ნახევარმცველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

მასპინძლებმა ანგარიში 28 წუთზე გაათანაბრეს. სლოვაკებმა რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც პეტერ კოლესარმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა.

 

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველებს დაბნეულობა ეტყობოდათ, თუმცა სიტუაცია მალე გამოსწორდა და კვლავ აქტიურად შეუტიეს. 

 

ტაიმის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ლუკა ლოჩოშვილმა ალმასი წააქცია, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის დროზე ადრე დასრულება მოუწია. ქართველთა მე-4 ნომრის გაძევების შემდეგ, ცეცაძემ თამაშში ლუკა სილაგაძე ჩართო, რუსთავის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, ამან კი ჩვენს შემტევ პოტენციალზე იმოქმედა. 

 

მეორე ნახევარმა სლოვაკების უპირატესობით ჩაიარა, რაც ტაბლოზეც აისახა. 52-ე წუთზე ჰერცმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, რაც გუგეშაშვილისთვის აუღებელი აღმოჩნდა. 66-ე წუთზე ქართველ კიპერს კიდევ ერთხელ მოუწია ბურთის კარიდან გამოტანა. ლუკა სილაგაძემ შეცდომა დაუშვა, მას ბურთი გამბოსმა აართვა და მშვენიერი დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა.

 

82-ე წუთზე მსაჯს კიდევ ერთხელ მოუწია წითელი ბარათის გამოყენება. პეტერ პოკორნიმ ირაკლი ბუღრიძე წააქცია და არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. 

 

89-ე წუთზე ანგარიში 3:2 გახდა. ნინუას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, შეცვლაზე შესულმა ნუგზარ სპანდერაშვილმა მეტოქის კარი აიღო. 

 

დაძაბულობამ სათადარიგოთა სკამზეც გადაინაცვლა, მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა გია ცეცაძესაც უჩვენა წითელი ბარათი. აღსანიშნავია, რომ ქართველთა დამრიგებელი განსაკუთრებით აქტიურობდა.

 

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 6 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები კვლავ სლოვაკეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ამჯერად უკვე საქართველოში.