კრუასანები (ATP 2019. X ამბავი)

ებერის სახით, ნიკოლამ ძალიან კარგი პარტნიორი დაირტყა. 

ATP. 2019 წლის 10 გამორჩეული მოვლენა

როდესაც 2019 წლის საუკეთესო წყვილებზე ვსაუბრობთ, ალბათ, ის, ერთი გამორჩეული ტანდემი უნდა ვახსენოთ. კოლუმბიელებს ერთ წერილს აუცილებლად დავუთმობთ. ისინი ამ რეიტინგში ოდნავ ზემოთ იქნებიან.

დღეს, სხვებს მოვეფეროთ.

წყვილი, რომელიც დაიშალა, დაბრუნდა, მოიგო და დაისვენა.

ნიკოლა მაიუ და პიერ-იუ ებერი.

ერთი წლის წინ ფრანგებმა ლონდონში მატჩ პოინტი ვერ გამოიყენეს და ფინალი წააგეს. ერთი წლის შემდეგ მაიუმ და ებერმა სეზონი ლებრონივით დახურეს. დაბრუნდნენ, მიამტვრიეს ყველაფერი და ამ ნანგრევებზე დარჩნენ. როგორც დიდი გლადიატორები.

და, ისინი არიან გლადიატორები.

კარიერული სლემი და 2019-ში მოგებული - ავსტრალიის ღია პირველობა, პარიზის მასტერსი და ლონდონი.

პარიზიდან ლონდონის ბოლო აკორდამდე ფრანგები არ აგებდნენ. ზედიზედ 10 მოგებული თამაში სეტის წაუგებლად!

ღადაობთ? ასე არ უნდა ხდებოდეს. დღეს, წყვილებში ეს არარეალურია. მაიუმ და ებერმა ლამაზად და ეფექტურად დახურეს სეზონი.

37 წლის მაიუს ერთეულებში 4 ტურნირი აქვს აღებული. სამჯერ - სენტ ჰერტოგენბოსხში. ფრანგი წყვილებში ხანდახან, ზარმაცობს და პაუზებით თამაშობს, მაგრამ როდესაც სვლაზეა, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

ებერის სახით, ნიკოლამ ძალიან კარგი პარტნიორი დაირტყა. რომელიც მას ავსებს, რომელიც მას აზღვევს და რომელიც მისთვის იდეალური ბალანსია. მაიუ - ფეთქებადი. ებერი - მშვიდი.

ერთად - 15 მოგებული ფინალი.

და, ეს წყვილი დაბრუნდება.

კრუასანები მენიუში შემდეგ სეზონშიც შევა.

გემრიელობები მოდის.