ხორვატია 2-1 საქართველო | თანაბარ ბრძოლაში დავმარცხდით

ხორვატიაში გამართული ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა

ხორვატიის ქალაქ პულაში, მასპინძელ ქვეყანასა და საქართველოს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. იმის მიუხედავად, რომ თავისი სტატუსით ეს მატჩი არანაირ სატურნირო დატვირთვას არ ატარებდა, გუნდებმა საკმაოდ დაძაბული ბრძოლა შემოგვთავაზეს.

 

მატჩის საწყისი წუთები, ლოგიკურად, ხორვატიის უმნიშვნელო უპირატესობის ფონზე დაიწყო, თუმცა მე-19 წუთზე, გიორგი პაპუნაშვილმა კონტშეტევაზე გოლის გატანა მოახერხა. ქართველმა ვინგერმა თავის სტილში, მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში კალინიჩს გაუტანა.

 

გაშვებულ ბურთს ხორვატებმა მალევე არა ერთი შეტევით უპასუხეს. 25-ე წუთზე ამან შედეგი გამოიღო - გურამ კაშიას ავტოგოლით მოწინააღმდეგემ წონასწორობა აღადგინა.

 

სამწუხაროდ, მიღებული ტრავმის გამო, ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ  შეხვედრა ნაადრევად დატოვა - მის ნაცვლად თამაშში ლევან შენგელია ჩაერთო. ბუნებრივია, ამ ცვლილებამ ტაქტიკური მონახაზის შეცვლაც გამოიწვია - კაკაბაძის პოზიციაზე ჯაბა ჯიღაურმა გადაინაცვლა.

 

პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი ხორვატებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა არაერთი სახიფათო მომენტის შექმნა მაინც შეძლეს.

 

51-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძის ნაცვლად მოედანზე ბაჩანა არაბული შემოვიდა. არაბული საკმაოდ კარგ ფორმაშია, საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. სამწუხაროდ, მისი შემოსვლიდან 4 წუთში ივან პერიშიჩის გატანილი გოლით ხორვატებმა საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირეს.

 

მეორე ტაიმში შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ნაკრების შეტევის პოტენციალი საგრძნობლად გაზარდეს. მატჩის დასასრული განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა, რადგან ქართველ ფეხბურთელებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ. შეხვედრის მიწურულს, ჩვენებმა ხორვატების კართან მიყოლებით რამდენიმე კუთხურიც მოაწოდეს, თუმცა გოლის გასატანად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

საქართველოს ნაკრებისთვის 2019 წლის უკანასკნელი მატჩის საბოლოო ანგარიში: 2-1 (პაპუნაშვილი 19'; კაშია (ავტოგოლი) 25'; პერიშიჩი 54').