მესამე ადგილი, 14 ქულა, პანდევი, ბარდი, ელმასი...

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კომენტარი გააკეთა ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ.

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ ფლეი ოფში მაკედონიელები შინ კოსოვოს უმასპინძლებენ, მერე კი სტუმრად მოუწევთ თამაში საქართველო–ბელარუსს შორის მოგებულთან.

 

„წილისყრაში არ გაგვიმართლა. ფინალს სტუმრად ჩავატარებთ, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ. ჯერ ნახევარფინალია მოსაგები კოსოვოსთან. 26 მარტისთვის მაქსიმალურად მომზადებულები უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, გადამწყვეტ შეხვედრებში იღბალიც ჩვენსკენ იქნება.

 

...მაინცდამაინც ფინალზე თუ ვისაუბრებთ, იქ გუნდებს იმხელა მოტივაცია ექნებათ, რომ სტუმარ–მასპინძლის ფაქტორი გადამწყვეტი არ ინება“.    

 

ზოგადად, მაკედონიელებზე ნაკლებად საუბრობენ, არადა ნამდვილად არაა სუსტი ნაკრები. განვლილ შესარჩევ ჯგუფში 14 ქულა აიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. ლატვიას ორივე მატჩი მოუგეს, ასევე შინ ისრაელსა და სლოვენიასაც აჯობეს. აი, გასვლაზე კი ორივესთან ფრედ დაასრულეს. ეგაა, პოლონეთთან და ავსტრიასთან ოთხ შეხვედრაში ქულა ვერ მოიპოვეს.

 

თამაშის ჩაგდება რასაც ჰქვია, ანგელოვსკის გუნდს ასეთი რამ ერთხელ დაემართა, როცა სკოპიეში ავსტრიასთან 1:4 წააგო.

 

მაკედონიელთა კაპიტანი 36 წლის გორან პანდევია. ცაცია ფორვარდი ახლა ჯენოაშია, საუკეთესო წლები კი ლაციოსა და ინტერში გაატარა. ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

 

ექს–იუგოსლავიელებსაც ჰყავთ პერსპექტიული ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი ერთს გამოვარჩევთ: ნაპოლის ნახევარმცველ ელიფ ელმაზს.

 

ზოგადად კი გუნდის თამაში დიდად არის დამოკიდებული ენის ბარდიზე. ლა ლიგაში სტაბილურად თამაში ცოტას არ ნიშნავს, ბარდი კი ლევანტეს ერთ–ერთი საკვანძო ფეხბურთელია.