ოქრიაშვილმა კრასნოდარი დატოვა

ქართველ შემტევს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს

თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარის ღირსებას აღარ დაიცავს. როგორც გუნდის ფეისბუქ გვერდი იუწყება, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

 

ქართველი ფეხბურთელი რუსულ გუნდში 2016-17 წლების სეზონიდან გამოდიოდა. მან კრასნოდარის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, იგი ხშირად ტრავმირებულია და თამაში თითქმის არ უწევს.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ქართველი შემტევი კარიერას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი ერთა ლიგაზეც გამოიჩინა. ლატვიასთან 3 ქულის მომტანი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

 

“უთამაშებლობამ დამღალა. ჩემი კარიერისთვის აჯობებს, რომ კრასნოდარიდან წავიდე.  მორჩა, ახალი ეტაპი იწყება, იმედი მაქვს საჩემო კლუბი მალევე გამჩნდება„ - გვითხრა უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით თორნიკე ოქრიაშვილმა. 

კრასნოდარის გარდა 26 წლის ფეხბურთელს მარიოპულში, ჩერნომორეცში, ესკიშეჰირსპორში და გენკში უთამაშია.