ტეილორმა სიმსივნე დაამარცხა - ის მანჩესტერს ყაზახეთში გაჰყვა

ახალგაზრდა ინგლისელი ასტანასთან გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდა

ევროპა ლიგის მე-5 ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ასტანას ესტუმრება. გასულ 4 შეხვედრაში წითელმა ეშმაკებმა 10 ქულა მოაგროვეს და პლეიოფის საგზური უკვე გაინაღდეს. მეორე ადგილისთვის ასტანა და პარტიზანი იბრძვიან.

 

სულშერი ამ შეხვედრაში სარეზერვო მოთამაშეებს გამოიყენებს. ყაზახეთში გუნდს 20 წლამდე ასაკის 14 ფეხბურთელი გაჰყვა, მათ შორის - 19 წლის მცველი, მაქს ტეილორი. შარშან ახალგაზრდა ინგლისელს სიმსივნე აღმოუჩინეს. 2018/19 წლების სეზონში მას საერთოდ არ უთამაშია, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა მისი დაავადება ოფიციალურად მხოლოდ თებერვალში დაადასტურა.

 

 

ტეილორმა რამდენიმე ოპერაცია და ქიმიოთერაპიის ორი კურსი გადაიტანა. საბოლოოდ, 19 წლის მცველმა მძიმე სენი სრულიად დაამარცხა. ექიმთა პროგნოზით, მას 2020 წლამდე ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა, თუცმა ტეილორი 23-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშს სექტემბერში დაუბრუნდა.

 

შეგახსენებთ, რომ ასტანას და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრა 28 ნოემბერს, თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.