საქართველოს ნაკრები? საინტერესო იქნებოდა და ახლაც მაინტერესებს...

რუსეთის პრემიერლიგელ უფაში ჯიმი ტაბიძის გარდა კიდევ ერთი ქართველი თამაშობს: 22 წლის ფლანგელი ნახევარმცველი ნიკოლაი გიორგობიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

 ამ სეზონში გიორგობიანმა 10 მატჩი ჩაატარა და აქედან 4 სასტარტოში. უფას საიტზე ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება.

 

„2013 წელს ესპანეთში წავედი, სანტ ანდრეუს და ჯუზეპე მარიას აკადემიებში ვითამაშე. ისე, თბილისის დინამოში გასინჯვაზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ იმ დროს საქართველოში მიტინგები დაიწყო და მშობლებმა არ გამიშვეს.   

 

...თავისუფალ დროს, როცა არდადეგები მაქვს, სულ საქართველოში ჩასვლას ვცდილობ. მინდა, ბებიას და ბაბუას დავეხმარო, ქართული სოფლის საქმეებში მივიღო მონაწილეობა“.

 

იყო შეკითხვა, თუ უფიქრია საქართველოს ნაკრებში თამაშზე.

 

„საუბარი იყო, როცა რუსეთის მეორე ლიგის არმავირში ვთამაშობდი. მამაჩემს დაურეკეს საქართველოდან, ახალგაზრდული ნაკრების საკითხზე ესაუბრნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ლეგიონერად ჩავითვლებოდი, ლეგიონერებს კი მეორე ლიგაში თამაშის უფლება არ აქვთ. ამიტომაც მომიწია უარის თქმა. ლეგიონერის ფაქტორი რომ არა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. ძალიან საინტერესო იქნებოდა და ახლაც მაინტერესებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში თამაში, საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლა...“.   

 

ჩვენს საიტზე ადრეც ეწერა გიორგობიანზე. სოჭში გახლავთ დაბადებული და პროფესიული კარიერაც სწორედ იქ დაიწყო.