16 ან 17... სხვადასხვა პოლუსები

თბილისის დინამო ბოლოს 2016 წლის მაისში გახდა ჩემპიონი. იქიდან მოყოლებული, ჯერ სამტრედია, მერე ტორპედო, შარშან კი საბურთალო... ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს კარგა გვარიანი პაუზა გამოუვიდა.

ახლა კი დინამოს მშვენიერი შანსი აქვს, რომ  მეჩვიდმეტედ გახდეს ჩემპიონი. საამისოდ შინ უნდა მოუგოს აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას. იმ ვიტ ჯორჯიას, რომლის წყალობითაც ახლა ლიდერია: გაიხსენეთ ვიტელთა მოულოდნელი ფრე ბათუმში – 1:1.  

 

თბილისის დინამომ წლეულს სამი მატჩიდან ორი მოუგო ვიტ ჯორჯიას. 2:1 და 3:0. პირველ წრეში კი ვიტელებმა 1:0 გაიმარჯვეს ცენტრალურ მცველ ზურაბ სეხნიაშვილის გოლით, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ლიგაში. დიახ, დებიუტი და თან გამარჯვების გოლი დინამოსთან – ზღაპარივითაა.

 

თუმცა სეხნიაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ ჩისკოს გუნდი დღეს ლიდერია. სწორედ მან გაუტანა ბათუმელებს სტუმრად, 86–ე წუთზე თავურით...

 

ვლადიმერ ხაჩიძე ეროვნულ ლიგაში გამოცდილი და ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია. ჯერ კიდევ პირველ ჩემპიონატში (1990) თავკაცობდა უმაღლესლიგელ ხაშურის ივერიას. ვიტ ჯორჯიას ახლანდელი ფეხბურთელებიდან იმ დროს დაბადებულიც არავინ არ იყო...

 

ხაჩიძეს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, მეტწილად 19–22 წლისები და ბიჭებს გამოცდილება აკლიათ – უმრავლესობა ამ ზაფხულს პირველად გამოჩნდა მთავარ ლიგაში. თუმცა პერსპექტივა რომ აქვთ, იქიდანაც ჩანს, რომ არაერთ გუნდს ქულები დააკარგვინეს, ჰქონდათ მშვენიერი მონაკვეთები და იყო თამაშები, რომლებშიც არ გაუმართლათ. დინამოსთანაც არაფერი ექნებათ დასაკარგი. სხვა საქმეა, რამდენად ეყოფათ...

 

ასეთ თამაშებში, როგორც წესი, სწრაფი გოლი ფასობს. დინამოელები თუ მალე გაიტანენ, ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნებათ. 

 

ურთიერთშეხვედრები: ცნობილია, რომ ვიტ ჯორჯია უხერხული მეტოქეა დინამოელებისთვის. არაერთხელ გაამწარა, მათ შორის, საჩემპიონო დატვირთვის მქონე თამაშებში.54 დაპირისპირებიდან დინამომ 22–ჯერ მოიგო, 13–ჯერ წააგო და 19 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება 69:42. 

 

ინტრიგა ინტრიგად, ისე კი რაც არ უნდა ვწეროთ, აშკარაა, რომ ყველაფერი თბილისის დინამოს ხელშია და ჩემპიონობასთანაც საკმაოდ ახლოსაა. ბოლო ტურის წინ სხვა მაგარი ამბებიცაა. ჯერ საჩემპიონო ამბებზე მოვრჩეთ და დავწეროთ, რომ ბათუმის დინამო სწორედ თბილისის დინამოს წაფორხილებას უცდის, მაგრამ თავადაც უნდა მოიგოს: მერე რა, რომ უმოტივაციო ლოკომოტივს ხვდება. იოლი თამაში ნამდვილად არ ექნება გია გეგუჩაძის გუნდს.

 

ტური კი ხვალ იწყება ორი მატჩით და მთავარი კითხვაა – ვინ გავა მერვე და ვინ მეცხრე ადგილზე? რუსთავი და სიონი გაარკვევენ. მერვეადგილოსანი თელავს შეხვდება ფლეი ოფში, მეცხრეადგილოსანი კი – სამტრედიას. ასეც და ისეც, ორივე ქვემოქართლურ კლუბს ორი ფინალი ექნება სათამაშო, რათა არ გავარდნენ.

 

რა მოხდება, თუ რუსთავი და სიონი თანაბარ ქულებს დააგროვებენ? მერვეზე რუსთავი გავა, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნის ბოლნისელებს.   

   

 

30 ნოემბერი

 

14:00. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო – სიონი

14:00. რუსთავი. სფფ ტექნიკური ცენტრი. რუსთავი – დილა

 

1 დეკემბერი

 

14:00. წყალტუბო. 26 მაისი. ტორპედო – ჩიხურა

16:00. თბილისი. მიხეილ მესხი2. ლოკომოტივი – დინამო ბათუმი

16:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო თბილისი – ვიტ ჯორჯია