თუ გავიხსენებთ, მერე იქნებ გვეშველოს რამე

 

 

 

 

 

 

 

ფეისბუქი ისეთი რაღაცაა, ვისაც რა აინტერესებს, იმას აჩვენებს. მე, მაგალითად, შემატყო, რომ ფეხბურთი მიყვარს და საფეხბურთო ამბებით დაუნანებლად მამარაგებს. ჰოდა,  მათი კითხვისას ასეთი ტენდენცია შევამჩნიე: ბოლო დროს, ეგრეთწოდებულ ქართულ ფეისბუქ-სივრცეში წარსულის მოგონება გახშირდა. ჩვენი საამაყო, ღირსეული წარსულის. და ეს ძალიან მომწონს.

განა იმიტომ მომწონს, რომ ვბერდები და ახალგაზრდობის დროინდელი ამბების გახსენება მსიამოვნებს (თუმცა, ალბათ, არც უამისობაა), არამედ უფრო სხვა მიზეზით. იმედი გამიჩნდა, რომ მემკვიდრეობითობა ბოლომდე არ გაწყდება.

ვატყობ, გასაგებად ვერ ვთქვი. მოდი, განვმარტავ: ფაქტია, მთელი დედამიწა ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ, უწინდელისგან სრულიად განსხვავებულში, მაგრამ ჩვენში დროება მარტო ინტერნეტმა და მობილურმა კი არ შეცვალა, არამედ საბჭოთა სისტემის დაშლამაც. ანუ, თუკი მსოფლიო ახალმა ტექნოლოგიებმა ამოატრიალა, ჩვენ ამას ერთი დიდი მალაყიც დავამატეთ. ეს მალაყი სსრკ-ს დაშლამ გაგვაკეთებინა. აღმოვჩნდით სამყაროში, სადაც ყველაფერი ნულიდან იყო დასაწყები.

 

sports.ru: პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონი სსრკ-ში ლანჩხუთში 2 თვეში  ააშენეს! - ევგრაფი შევარდნაძის გუნდის ფანტასტიკური ისტორია [VIDEO]

 

საქართველოში ფეხბურთი მე-19 და მე-20 საუკუნეების გასაყარზე შემოვიდა, მაგრამ თავიდან მას პორტის მუშები, გიმნაზიელები, „კომეტისა“ და „შევარდენის“ წევრები უსისტემოდ თამაშობდნენ. აი, ორგანიზებული სახე კი უკვე ბოლშევიკების დროს მიიღო ანუ ჩამოყალიბება (ყველა გაგებით) საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებებში დაიწყო. მერე, გადიოდა წლები, ეს საბჭოთა ფეხბურთის სისტემა იხვეწებოდა, ვითარდებოდა მაგრამ… ერთ მშვენიერ დღეს ჩამოინგრა. გაქრა. დიდ და პატარა ბელადებს გაჰყვა იმქვეყნად.

საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს მთავარი კლუბი იყო დინამო, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ნაკრებიც გახლდათ და დიდი გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იმპერიის ჯოჯოხეთში გამგზავრების შემდეგ, ის რაიონული ცენტრების პატარა გუნდებს შერჩა პირისპირ. რასაკვირველია, აქ ქუთასის ტორპედოს არ ვგულისხმობ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტორპედო ქვეყნის მთავარი კლუბი-ნაკრები, არასდროს ყოფილა. ქუთაისი დედაქალაქი არ იყო და იმიტომ. ხოლო, იმდენი ფეხბურთელი, რომ ორი ძლიერი გუნდი შეგვექმნა, არც გვყავდა და რომც გვყოლოდა, ეჭვი მაქვს ეს ამბავი მოსკოვს არ მოეწონებოდა.

ლანჩხუთის გურია? ის საერთოდ სხვა მოვლენა იყო და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

 

ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული  დუნია“

 

სხვათა შორის, წლების შემდეგ, ამსტერდამიდან მოსკოვამდე აწგარდაცვლილ ცნობილ რუს ჟურნალისტთან ოლეგ კუჩერენკოსთან ერთად ვიმგზავრე და მაშინ მითხრა კუჩერენკომ, ჩვენ, რუსები ას მილიონზე მეტი ვართ და ნიჭიერი თუ უნიჭო ფეხბურთელების დიდი რაოდენობა ყოველთვის გვყავს, თქვენი კი მიკვირს, მცირერიცხოვან ერს ამდენი ფეხბურთელი საიდან მოგყავთო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტი და მობილური სულ რომ არ გამოეგონებინათ, ჩვენ მაინც დიდი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებოდით, რადგან საბჭოთა კავშირის კოლაფსი უზარმაზარი მოვლენა იყო. ინტერნეტიანად და მობილურიანად კი საერთოდ საშინელებაში მოვხვდით.

ამიტომაც მგონია, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც საუკუნის თუ კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში ფეხბურთი ეროვნულ ტრადიციად და კულტურის ნაწილად იქცა, მემკვიდრეობა არ გაწყვეტილა: შეიძლება რეფორმა შეეხო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატი ინგლისის ჩემპიონატად დარჩა, ნაკრები — ნაკრებად. ასევე მოხდა იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში… ის კი არა, სოციალისტური ბანაკის ბევრ ქვეყანაშიც არ შეცვლილა სტრუქტურა და სისტემა. ჩვენ კი სხვა ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში მოვხვდით.

და დაბეჩავდა ჩვენი ფეხბურთი. დაჩიავდა. არა, 90-იან წლებში ჯერ კიდევ გვყავდა საბჭოთა სკოლის აღზრდილი უნიჭიერესი თაობა. ამ ბიჭებმა ცალ-ცალკე, უცხოეთის გუნდებში კიდეც მიაღწიეს საამაყო შედეგებს, მაგრამ აქ, ჩვენთან, მათ კარიერას ურთულესი დრო დაემთხვა: სსრკ-ს ჩემპიონატი საქართველოსამ შეცვალა… საბჭოთა კავშირის ნაკრებში, საუკეთესო წლებში, მაქსიმუმ ხუთ-ექვს ფეხბურთელს რომ ვაგზავნიდით, ახლა ჩვენი გუნდისთვის სულ ცოტა 16-20 მაღალი დონის მოთამაშე დაგვჭირდა.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია: „დარჩით სახლში და უქომაგეთ ნაკრებს  ტელევიზორებთან“

 

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ტელევიზორებში მასობრივად შემოიჭრა უცხოური რეპორტაჟები და ატყდა: ჩემი გუნდი რეალია, შენი ბარსელონა, ამისი მანჩესტერ იუნაიტედი, იმისი ბაიერნი… და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მსოფლიო დაპატარავდა, საქართველოში კი… რაღაცა დაიკარგა. ალბათ, მემკვიდრეობითობა. ერთი ნახტომით უცხო რეალობაში ამოვყავით თავი.

თუმცა, ამ ბოლო დროს, როდესაც ფეისბუქს „ვსქროლავ“, სულ უფრო ხშირად და ხშირად ვაწყდები ძველ ფოტოებსა და ტექსტებს ჩვენი ბრწყინვალე საფეხბურთო წარსულის შესახებ. ვაწყდები და გულში იმედის ნაპერწკალი მიკრთება.

იქნებ მართლა გავიხსენოთ „ვისი გორისა ვართ“ და თუ გავიხსენებთ, მერე კიდეც გვეშველოს რამე.